ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომას დაესწრო

12 იანვარი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომას დაესწრო.
  შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
  უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გამოიწვია, მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში თემურ ზოიძის, სოფელ ხაბელაშვილებში შაქრო შარაშიძის, სოფელ ჩანჩხალოში მურად დუმბაძის საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყერულმა პროცესებმა ასევე დააზიანა შიდა სასოფლო გზები.
  როგორც სხდომაზე აღინიშნა, შექმნილ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებლით.
  ამ დროისათვის მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
  უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა შტაბის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი