06 მარტი

ხვალ, 7 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება. სხდომის დღის წესრიგის პროექტი კანონმდებლებმა 6 მარტის ბიუროს სხდომაზე ერთხმად განსაზღვრეს. მასში ერთი საკითხია წარმოდგენილი - უმაღლესი საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ და მისი მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო სრული, 21-წევრიანი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.

აღნიშნული დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის ასმათ დიასამიძის კანდიდატურასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უსკოდან კანონმდებლობის დაცვით გამოიგზავნა, რის შემდეგაც საკითხმა გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა.

ბიურომ ასევე განიხილა და მომზადებულად მიიჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტი, რომლის ინიციატორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, კოლეგებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.