27 აპრილი

27 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსახლეობას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებსა და ძირითად პრინციპებზე.

-ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ფიქრობს მოსახლეობა, რას მიიჩნევს ის პრიორიტეტად, რათა ეს ყველაფერი, შესაძლებლობების ფარგლებში, ავსახოთ რეგიონის ბიუჯეტში,- აღნიშნა დავით გაბაიძემ. უმაღლესი საბჭოს წევრებმა უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და შემდგომი რეაგირების მიზნით ჩაინიშნეს პრობლემები, რომელთა უმეტესობა სოციალური ხასიათისაა.

ქობულეთში, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში გამართული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში გამართული რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელშიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წევრები მონაწილეობენ. ანალოგიურ პირველ შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა.

დისკუსია-შეხვედრები ამერიკული ორგანიზაცია „NED-ის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.