26 აპრილი

26 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ფონდ „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებს - ზურაბ ზაქარიაძეს, ბეჟან ბოლქვაძესა და გიორგი თედორაძეს შეხვდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ზურაბ ზაქარიაძემ კანონმდებლებს ფონდის მიერ რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ცნობილია, რომ „მემორიალის“ თაოსნობით, ჩვენს ქვეყანაში 22 ივლისი გამოცხადდა რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ, გარდა ამისა, ფონდის წარმომადგენლებმა დაიწყეს და საქართველოს მასშტაბით არაერთ რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც, მოიძიეს კომუნისტური რეჟიმის რეპრესიების შედეგად დახვრეტილთა საიდუმლო სამარხები, მოამზადეს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიზანიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეების სოციალური დაცვაა.

სტუმრებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს წევრებს სამართლებრივი, საკანონმდებლო და პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის წინადადებით მიმართეს. მათ მიერ დასმული საკითხების შესწავლის მიზნით, მომავალი კვირისათვის დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა.