26 აპრილი

26 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკანონმდებლო ორგანოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ ბელგიის რეგიონის ვალონიის დელეგაციას უმასპინძლეს. დელგაციის შემადგენლობაში არიან: პროექტის - „Wallonie Belgique Tourizme -ის” მენეჯერი მიშელ იანოვსკი, “Lakes of Eau d`Heure-ს” კომერციული დირექტორი კეტრინ სეი და კომუნიკაციისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ანა კოპინი.

როგორც გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა, ბელგიელი სტუმრების ვიზიტის უმთავრესი მიზანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა. ამასთან, ვალონიის დელეგაციის ვიზიტი ერთგვარი მოსამზადებელი და მხარდამჭერი ღონისძიება იქნება ორმხრივი ჩარჩო-ხელშეკრულებისთვის, რომელიც აჭარასა და ბელგიის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონს შორის გაფორმდება.

-მზად ვართ, თქვენი გზავნილები გადავცეთ ბელგიის ხელისუფლებას, რათა ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ გარემოს დაცვითი, საგანმანათლებლო-კულტურული, ეკონომიკური და სხვა მიმართულებითაც, - აღნიშნა მიშელ იანკოვსკიმ. მისი განცხადებით, დეკემბერში თბილისში დაგეგმილი ბიზნესფორუმი კარგ საფუძველს შემქნის საამისოდ. გარდა ამისა, სტუმრის განცხადებით, აჭარას უახლოეს მომავალში ეწვევიან ტურიზმის ბელგიელი ექსპერტები, ამასთან, დაიწყება მუშაობა ბელგიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების დანიშვნაზე, რაც ტურისტული ნაკადების მოზიდვის კარგი საშუალება იქნება.

სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. დავით გაბაიძემ დელეგაციის წევრებს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.