24 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ამავე კომისიის წევრები - დავით თედორაძე, ილია ვერძაძე და გიორგი მანველიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები - ანზორ ბოლქვაძე და ნუკრი ბეჟანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო ბაკურიძე, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, 24 აპრილს აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს გახსნას დაესწრნენ. რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველია, სადაც საიზოლაციო ოთახები გისოსების გარეშეა. სპეციალური მინაპაკეტის მქონე ფანჯრები პაციენტებსა და მათ ახლობლებს აღარ უტოვებს ციხისა და სადამსჯელო საკნის ასოციაციას.

როგორც ცნობილია, საავადმყოფო პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 16 დეკემბერს გაიტანა. სამედიცინო დაწესებულება შპს „Helth care group”-მა 2 მლნ 5 ათას ლარად შეისყიდა. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, შემსყიდველმა სამედიცინო დაწესებულებაში 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე, ინვესტორი ვალდებულია საავადმყოფოს პროფილი 50 წლით შეუნარჩუნოს.

აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შპს „Helth care group-ის“ დამფუძნებლებთან ერთად, დაათვალიერეს რეაბილიტირებული პალატები, პაციენტთა მოსასვენებელი ოთახი, ახლად გარემონტებული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სამრეცხაო და საავადმყოფოს ბიბლიოთეკა, რომელსაც „ბიზნესმენ ქალთა“ ასოციაციამ საჩუქრად 130 წიგნი გადასცა.

განცხადებები