ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და სკოლა შენდება

27 ოქტომბერი

  „დღეს საფუძველი ეყრება ძალიან კარგ და მნიშვნელოვან პროექტს, პროექტს, რომელმაც არა მხოლოდ ადამიანები უნდა დაასაქმოს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს აჭარაში კიდევ ერთი ძლიერი საგანმანათლებლო კერის ამოქმედებას“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე.

  შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ერთობლივად ჩაუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სამშენებლო კომპანია „დომსონის“ პრეზიდენტმა და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლევან ვადაქარიამ.

   კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 54 ქვეყნის 157-მდე უნივერსიტეტის პარტნიორია, ბათუმში 10 წელია ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს ტურიზმის, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით. რაც შეეხება ახალ საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას, მათი მშენებლობა, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, შარშან დაიგეგმა.

  1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტისა და სკოლის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია, რაც ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი