22 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე 22 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ გამართულ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობდნენ.

73-წევრიანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისიას და მასში შემავალ ოთხ თემატურ ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და შესაბამისი კანონპროექტის მოსამზადებლად ვადა 2017 წლის 30 აპრილამდე ჰქონდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე წარმოადგენდნენ. ისინი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფში მუშაობდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, კომისია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებისას ხელმძღვანელობდა კოლეგიურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ამასთან, დაგეგმილია კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა და ამ პროცესში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვა.

შემაჯამებელ სხდომაზე გამართული კენჭისყრისას კანონპროექტი 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს. შემაჯამებელ სხდომაზე ასევე ეყარა კენჭი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონს, რომელმაც 43 ხმა მიიღო, მოწინააღმდეგე კი არავინ ყოფილა. კანონის პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.