რიგგარეშე პლენარული სხდომა

22 სექტემბერი

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები, შენიშვნების ნაწილის გათვალისწინებით, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით  მიღებულია.

   კანონის პროექტი, რომელიც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ  წარმოადგინა, ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულებას მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს აკისრებს.
ცვლილების თანახმად, აღნიშნული ცნობის წარდგენისათვის მათ კენჭისყრიდან 7 დღის ვადა განესაზღვრათ.

   რიგგარეშე სხდომაზე 13 ხმით დამტკიცდა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“.

   კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“  ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

   რაც შეეხება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას,   კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, ხელვაჩაურის მერიას, როგორც მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს შესაძლებელობა ექნებათ შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

   საკითხს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ვახტანგ წულაძე წარადგენენ.

   კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს
უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და 5 კომიტეტის  2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც ამავე საბჭოსა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.  

განცხადებები

პრეს-რელიზი