16 სექტემბერი

   „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ , შენიშვნების გათვალისწინებით, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზადაა. შესაბამისი გადაწყვეტილება  განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

  საკანონმდებლო პაკეტი ამჯერადაც მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინიციატივის მიღების შემთხვევაში  შესაძლებელი გახდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურის  სფეროს მხარდაჭერის სამართლებრივ - ორგანიზაციული საფუძვლების დარეგულირებ,  აჭარის ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და პრინციპების განსაზღვრა კულტურის მხარდაჭერის მიზნით.

   პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭო

ა)  განსაზღვრავს  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის მხარდაჭერის  ძირითად მიმართულებებს;

ბ)  ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ კულტურის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტს;

გ) პერიოდულად ისმენს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ანგარიშს კულტურის მხარდაჭერის რეგიონული პოლიტიკის  გატარების   შესახებ.

  კანონის პროექტში ასევე გაწერილია აღამასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები. ამასთან, კანონის ამოქმედებიდან, ამავე კანონით განსაზღვრულ  ვადაში აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კულტურის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი.