26 თებერვალი

25 თებერვალს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, რიგით მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გამოფენისადმი მიძღვნილ საგანგებო პრესკონფერენციასა და გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5-კაციანი დელეგაცია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით.

ვროცლავის ცნობილი საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ჩვენი რეგიონი მეორედაა წარმოდგენილი, ერთგვარი ხიდია ცალკეული ქვეყნების ტუროპერატორებსა თუ ტურისტულ კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის. სწორედ ამიტომ, ტურისტული თვალსაზრისით თავადაც ძალზე საინტერესო პოლონური სავოევოდოს - ქვემო სილეზიის დედაქალაქში ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ ფორუმებს სულ უფრო მეტი მონაწილე და მნახველი ჰყავს. ვროცლავის გამოფენა ამჯერად 10 ათასი მონაწილეს მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად რჩება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობას ძალზე ეფექტურად ავითარებს.

როგორც აღვნიშნეთ, აჭარა ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე მეორედაა წარდგენილი - რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ვიზიტორებისათვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე.

-ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იმპულსია დასაქმების წილის ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობრივი მატების ტემპი შეუქცევადია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მათი დადებითი ზეგავლენა. ამდენად, როგორც გამოფენის უშუალო მონაწილეების, ასევე ვიზიტორების სარგებელი გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული და აქედან გამომდინარე, საქართველოსათვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია. აქვე გეტყვით, რომ პოლონეთის რესპუბლიკა აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი მოწინავე და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარა-ბათუმის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიები ყოველწლიურად ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ტურისტული ნაკადის ინტენსივობა, შარშანდელთან შედარებით, 7-ჯერ გაიზარდა. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენისადმი მიძღვნილ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარ ფშიბილსკი ესწრებოდა.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ასევე მიესალმა გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებსა და სტუმრებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩავიდნენ ვროცლავში.

-პოლონეთის ამ ისტორიულ ქალაქში სტუმრობას და თქვენთვის აჭარის წარდგენას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩვენთვის, რადგან საქართველოს და მის რეგიონებს ევროპულ ოჯახთან, მის კულტურასთან უამრავი საერთო გააჩნია. თუმცა, აჭარაში თქვენ აღმოაჩენთ ბევრ უნიკალურ ისტორიულ ძეგლსა თუ სხვა კულტურულ თავისებურებას, რაც ჩემი რეგიონის უნიკალურობას განაპირობებს და ვიზიტორებს ხიბლავს,- აღნიშნა დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

მან პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისადმი იჩენენ ევროინტეგრაციის გზაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოფენის ორგანიზატორებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ვროცლავის რიგით მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების ერთგვარი გარანტი იქნება.