26 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5-კაციანი დელეგაცია, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პოლონური მხარის მიწვევით, ქალაქ ვროცლავში იმყოფება.

24 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ, ვიცე-მარშალმა ივან კრავჩუკმა და სავოევოდოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ცეზარ ფშიბილსკისთან გამართულ შეხვედრაზე, რომელმაც ძალზე გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, მხარეებმა ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები დასახეს.

ყურადღება გამახვილდა ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის თავისებურებებზე, უმთავრეს პრინციპებსა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მასპინძლებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი რეგიონის მრავალმხრივ პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე. დავით გაბაიძემ ცეზარ ფშიბილსკის მადლობა გადაუხადა გულითადი მიღებისათვის, იმ მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც პოლონეთი იჩენს ჩვენი ქვეყნისადმი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის დამსახურებაზეც, რამაც ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა. დავით გაბაიძემ მაგალითად ერთ-ერთი პროექტიც გაიხსენა, რომლის ფარგლებშიც ბათუმელი ექიმები ქალაქ ვროცლავის წამყვან კლინიკებში გადამზადდნენ. სამედიცინო სფეროს პარალელურად, გაცვლითი პროგრამებია დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

-პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთვის თქვენი ქვეყანა სამაგალითოა, რადგან მას აქვს ევროპასთან ინტეგრაციის ძალზე დიდი, საინტერესო გამოცდილება და ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა - იმედი მაქვს, აქტიური, საქმიანი დიალოგი და ურთიერთობები ამ გზაზე სიარულს განსაკუთრებით გაგვიმარტივებს, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პოლონეთის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით აჭარას მაისის ბოლოს ეწვევა.