17 თებერვალი

25-27 თებერვალს ბათუმი „გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას - ბათუმი 2017-ს“ უმასპინძლებს. სასტუმრო “შერატონში“ დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე აჭარა 600-მდე დელეგატით იქნება წარმოდგენილი. ასამბლეა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო - დემოკრატიული ღირებულებებისათვის“ ორგანიზებით გაიმართება და მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები თანამედროვე მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან, აქტუალურ თემებს განიხილავენ.

ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, სწორედ ამიტომ „მრავალეროვანი საქართველო - დემოკრატიული ღირებულებებისათვის“ დასავლეთ საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი და ბათუმის სხვადასხვა სკოლის თვითმმართველობების თავმჯდომარეები, რომლებიც პარალელურად ასამბლეის თემატური ჯგუფების ლიდერებიც არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ.

სტუმრებს ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია და გიორგი მანველიძე ესწრებოდნენ, ძირითადად საორგანიზაციო საკითხები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ამავე პროექტის ფარგლებში, 27 თებერვალს ,საკანონმდებლო ორგანოს ასამბლეის 50-მდე დელეგატი ესტუმრება და ისინი რეგიონის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და კანონშემოქმდებისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს გაეცნობიან.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, 26 მარტს სტრასბურგში ევროსაბჭოში საქართველოდან 70-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რომელშიც აჭარა 55 ახალგაზრდა დელეგატით იქნება წარმოდგენილი. „მრავალეროვანი საქართველო - დემოკრატიული ღირებულებებისათვის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ბათუმური ფორუმი ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ღონისძიება იქნება სტრასბურგში ვიზიტისთვის, სადაც ისინი მოხსენებით წარსდგებიან.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და მოსწავლეებს თანადგომას დაჰპირდა და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები შეძლებენ ქვეყნისათვის უკეთესი საქმეების კეთებას სამომავლოდ.

სტუმრებმა დავით გაბაიძეს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადეს, მასთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობა დაათვალიერეს.