06 აგვისტო

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ინიციატივა სამი მოსმენით განიხილება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მის პლენარულ სხდომაზე გატანას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა  ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ” კანონის პროექტი კოლეგებს თავად ინიციატორმა გააცნო და მისი მიღების შემდეგ, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარაში მოღვაწე და განსაკუთრებული დამსახურების მქონე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება იქნება შესაძლებებლი.

 კანონპროექტი ტბელ აბუსერისძის  I, II და III ხარისხის ორდენის, ღირსების მედლისა და საპატიო წოდებების შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტის მიხედვით, ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისთვის - 5 ათასი ლარი,  II ხარისხის ორდენით დაჯილდოებულისთვის - 4 ათასი, ხოლო III ხარისხის ორდენის მფლობელისთვის - 3 ათასი ლარია გათვალისწინებული. 2 ათასი ლარია განსაზღვრული ღირსების მედალზე, ათასი ლარი კი საპატიო წოდებებზე. დავით გაბაიძის განცხადებით, აღნიშნული ჯილდოების რაოდენობა ლიმიტირებულია პროექტით და ეს, რეგიონის ხელისუფლების მხრიდან გამოხატული დიდი მორალური მხარდაჭერა იქნება ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის.

 ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის მონაწილეებმა 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. შესაბამისი მოხსენება  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტჯარაძემ წარმოადგინა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.