16 თებერვალი

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის“ უფროსი თემურ ქარცივაძე 16 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების თაობაზე ინფორმაციით წარსდგა.

სხდომას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ: სააგენტოს სხვადასხვა სამსახურისა და მედიის წარმომადგენლები.

მომხსენებელმა კანონმდებლებს ფილიალის მიერ რეგულირებადი პროგრამებისა და მათ ფარგლებში გახარჯული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, რეგიონში 2006 წლიდან მოყოლებული სოციალურად დაუცველთა დახმარებებისა და შემწეობებისათვის განკუთვნილი თანხების რაოდენობა მზარდი დინამიკით გამოირჩევა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სარეიტინგო ქულების გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიაზეც, რომელმაც ერთხანს გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თემურ ქარცივაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგია გრადაციის პრინციპზე დაყრდნობით, გაცილებით სამართლიანია და ის მოქალაქეებზე გასაცემი შემწეობების რაოდენობას მათი სარეიტინგო ქულების შესაბამისად განსაზღვრავს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

-ეს გახლავთ ძალზე რთული, ვრცელი და შრომატევადი სფერო, რომელიც უზარმაზარ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს სააგენტოს ხელმძღვანელობისა და მისი თანამშრომლებისგან. ისინი ამას სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან და შედეგებიც სახეზეა, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

კანონმდებლებმა სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებლით შესაძლო უზრუნველყოფა“ სხდომის დღის წესრიგში ცალკე საკითხად იყო წარმოდგენილი და მასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის ინფორმაცია კანონმდებლებმა, ასევე, ერთხმად მიიღეს ცნობად.

კომისიის წევრებმა მოისმინეს ნუგზარ სურმანიძის კიდევ ერთი ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებას ითვალისწინებს. კანონმდებლების გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილების რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობა ამ დღეებშიც გაგრძელდება.