16 თებერვალი

„იკითხეთ, რაც შეიძლება მეტი“

-ასე მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 16 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე. ისინი პროექტის - „ცოდნა წარმატებული მომავლისათვის“ მონაწილეები არიან, რომელსაც ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ ახორციელებს. მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამაზ მჟავანაძის განცხადებით, პროექტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 25 -მდე მოსწავლეა ჩართული და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოსწავლეების სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საკანონდებლო ორგანოს საქმიანობაზე და უპასუხა მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს. დავით გაბაიძემ შეხვედრის მონაწილეებს წინადადებით მიმართა - ერთი სამუშაო დღე მასთან ერთად გაატარონ, რათა უკეთ გაეცნონ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, მის პრინციპებსა და კანონსემოქმედებითი საქმიანობისთვის დამახასიათებელ რიგ ნიუანსებს.

შეხვედრას ესწრებოდენენ უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ნუგზარ სურმანიძე. მათ მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძესა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ნუგზარ სურმანიძეს მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მოსწავლეები სამუშაო კაბინეტში მიიწვია და შენობა დაათვალიერებინა.