08 მარტი

ბათუმს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა შეემატა. თანამედროვე სპორტული კომპლექსი ფონდ „ქართუს“ საჩუქარია და ის ქალაქის მერიას 8 მარტს საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის რეგიონული განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა, სპორტსმენები და რაგბისმოყვარულები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი სპორტკომპლექსი რეგიონში ხელსშეუწყობს არა მხოლოდ სპორტის ამ სახეობის, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარებას.

-დარწმუნებული ვარ, ეს ბაზა არაერთ საერთაშორისო დონის შეჯიბრს უმასპინძლებს. აქ არაერთი ახალგაზრდა დაოსტატდება და გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს, - აღნიშნა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ლეონიძის ქუჩაზე, 4,5 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებული სარაგბო ბაზა სამი სხვადასხვა საფარის მოედნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ავტოსადგომით შშმ პირებზეა ადაპტირებული. ძირითადი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი.

მშენებლობა ასოციაცია ,,ატუმ“ 2014 წელს დაიწყო დამისი მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათასი 157 ლარია. აქედან, 3 მილიონ 596 000 ლარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" 11 პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზე სარაგბო კომპლექსები შენდება თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები, საერთო ჯამში, 21 მოედანს მოიცავს.