16 თებერვალი

16 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ხიხანისა და ტაოს ქუჩების მცხოვრებთა ერთ გჯუფთან შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ნინო ჩხეტიამ, ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი მანველიძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე ესწრებოდა, მოსახლეობამ ბათუმი-ახალციხის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო მათთვის განსაზღვრული კომპენსაციების გამო უკმაყოფილება გამოხატა. მოქალაქეებმა ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრებთან ადგილზე გამართული საპროტესტო აქციის დროსაც განაცხადეს და აღნიშნეს, რომ კომპენსაციები არ შეესაბამება საბაზრო ფასს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები შეხვედრის მონაწილეებს საკითხის დეტალურ შესწავლას დაჰპირდნენ.