15 თებერვალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ 15 თებერვალს, სასტუმრო „ჰილტონში“ ეკომიგრაციის მიმართულებით ბოლო ორი წლის საქმიანობის ანგარიში და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა.

ღონისძიება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის, ევროპის ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ გენო გელაძემ გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან მადლობა გადაუხადა „დემოკრატიის ინსტიტუტს“ გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის პროექტებს სამომავლოდაც განახორციელებენ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, ის, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იქნება ინიციატორი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებებისა, რომელთა მიღება ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპულიკის ჩართულობას ამ ტიპის პრობლემების მოგვარებაში.

ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკომიგრანტების პრობლემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე აქტუალურია. მისი თქმით. სახელმწიფო ყველაფერს იღონებს იმ უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, რაც ამ პროცესებს ახლავს.

პროექტი სახელწოდებით - „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“, რომელიც ევროკავშირისა და შვედეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, 2015 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 17 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.