09 თებერვალი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების 9 თებერვლის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - თეონა ბერიძე და მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ.

სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის ინიციატივა ამავე კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

კანონის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც კანონდებლებმა, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა.

გარკვეული მსჯელობის შემდეგ სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ და კანონის პროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეიტანეს. კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და კულტურის პროგრამების ფარგლებში ფიზიკური, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შეძენილ ქონებას ეხება.

კანონის პროექტს, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სამივე კომისიამ მხარი დაუჭირა.