08 თებერვალი

8 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ („სსია“) გენერალურ მდივანსა და „საერთაშორისო საგამოფენო კომპანია - „ექსპო ბათუმის“ გენერალურ დირექტორს ოსმან ჩალიშქანს (მჟავანაძე) შეხვდა.

სტუმარმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია უკვე წლებია წარმატებით საქმიანობს ჩვენს ქვეყანაში. ის უმსხვილეს ინვესტორთა ერთ-ერთი გაერთიანებაა საქართველოში, რომლის წევრებიც აშშ-ში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინაში, ირანსა და თურქეთში მოღვაწე კომპანიები არიან.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, „სსია“ ამჟამად 21 წევრს აერთიანებს და მათ დღემდე ჩვენს ქვეყანაში 855 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები აქვთ განხორციელებული საფეიქრო და კვების მრეწველობაში, სამშენებლო და სამშენებლო მასალების მწარმოებელ ბიზნესში, საბანკო, სადაზღვევო მიმართულებით. გარდა ამისა, საკმაოდ სოლიდურია სასტუმროთა ქსელის განვითარების კუთხით რეალიზებული ინვესტიციების ხვედრითი წილიც. შთამბეჭდავია ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო საინვესტიციო პროექტების ღირებულებაც, რომელიც დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარია. ამასთან, „სსიას“ წევრებმა საქართველოში 18 600 ადამიანი დაასაქმეს. ოსმან ჩალიშქანის (მჟავანაძე) განცხადებით, ასოციაციის მიზანი არა მხოლოდ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, არამედ საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის წარმოჩენაცაა საერთაშორისო ასპარეზზე, რისი დასტურიცაა თუნდაც ახლახან, სტამბოლში გამართული საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც საქართველო და მისი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი - აჭარა ძალზე შთამბეჭდავად იყო წარმოდგენილი.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და სულ მალე, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარსდგება კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც ჩვენი მეზობელი თურქეთი უმასპინძლებს. გარდა ამისა, წელს 5 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს ბათუმი და ყველა მათგანი „სსია-სა“ და საგამოფენო კომპანია „ექსპო ბათუმის“ მიერ იქნება ორგანიზებული.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. დავით გაბაიძე ოსმან ჩალიშქანს (მჟავანაძე) საკანონმდებლო კუთხით არსებული თუ გამოსასწორებელი იმ ხარვეზების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულ ბარიერებს ქმნიან ინვესტორებისთვის.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო შეხვედრაზეც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება და რომელსაც „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.