07 თებერვალი

7 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტომაშ პერნიცკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი ესწრებოდა, საპატიო სტუმარმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ძალზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. როგორც ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, ჩეხეთი სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და განათლების კუთხით ძალზე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში, მათ შორის აჭარაში. მაღალმთიან ხულოში, სწორედ მეგობარი ქვეყნის დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება ადგილობრივ ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახის ხეხილის ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფასა და ბიოპროდუქტების მოყვანაში მათ დახმარებას ითვალისწინებს. ძალზე მნიშვნელოვანია ამავე მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მომცველი პროექტიც, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და, შესაძლოა, სამომავლოდაც გაგრძელდეს. შესაბამისი მოლაპარაკებები უფრო გრძელვადიანი პროექტების რეალიზებაზე, ტომაშ პერნიცკის განცხადებით, უახლოეს მომავალში პრაღაში გაიმართება. ელჩის განცხადებით, უახლოეს მომავალშივე შეირჩევა ჩეხეთის რეგიონი, რომელიც აჭარასთან დამეგობრდება.

-ჩეხეთსა და საქართველოს ძალზე კარგი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, სწორედ ამიტომ მეგობარი სახელმწიფოს ელჩის სტუმრობას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძემ სტუმარს გულითადი მადლობა გადაუხადა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.