09 ივნისი

 „მთავარი მოვლენა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და ანგარიშვალდებულებაა, დღევანდელი დღე გამოხატულებაა იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პატივს სცემს და ანგარიშს აბარებს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ უმაღლეს საბჭოს. ანგარიში ობიექტურად ასახავს მთავრობის საქმიანობას: მსოფლიოსა და ქვეყნისათვის ურთულეს დროს გატარებული სწორი ღონისძიებების, სწორი მოქმედებებისა და მენეჯმენტის შედეგები სახეზეა, ჩვენ სამაგალითოები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. მოხსენება იყო დაბალანსებული და ამომწურავი დღეს არსებულ გამოწვევებზე პასუხებით“, - ასე შეაფასა აჭარის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც მთლიანად თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს დაეთმო.
 მთავრობის მიერ 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენება COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით გატარებული ღონისძიებებით დაიწყო და მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე, რისკის ფასად მუშაობდნენ.
 მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში შეიქმნა რეგიონული შტაბი და პანდემიასათან ბრძოლისათვის მობილიზებული იყო 23 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც 12 მლნ ლარზე მეტი საქონელი და მომსახურების მუხლით მიღებული ეკონომია, ხოლო საერთო მობილიზებული თანხიდან 2,5 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯებიდან დაიზოგა. 7 300 000 ლარი გაიხარჯა საკარანტინო ზონებზე, 9 000 000 ლარი კი სამედიცინო დაცვის საშუალებების შეძენაზე, ამასთან დასრულდა 170 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაკლინიკაში განთავსდა COVID19-ის ცხელების ცენტრი. რეგიონში შეირჩა 28 საკარანტინო ზონა, გადამზადდა სასტუმრო პერსონალი, ადაპტირდა სერვისები. საკარანტინე ზონების მომსახურებით რეგიონში დღემდე 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩართული პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარით დაფინანსდა. ამავე ფონდიდან, პირველ ეტაპზე, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა. თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში, აჭარა, როგორც საზღვრისპირა რეგიონი, ერთ-ერთი სამაგალითო იყო ქვეყნის მასშტაბით და მას დღეს მწვანე ზონის სტატუსი აქვს.
 მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპის ღონისძიებებზე, რისთვისაც მაისში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 000-მდე სასურსათო კალათი შეიძინეს. საბანკო სესხების გადავადება, უმუშევრად დარჩენილებისთვის გათვალისწინებული დახმარებები, კომუნალური შეღავათები, რომლებიც მოსახლეობის 60-70 %-ზე გავრცელდა, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში ჩართულობა, განათლების სისტემის გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და ეკონომიკის სტიმულირება,
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თორნიკე რიჟვაძის მოხსენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა, რეგიონში არ შეჩერებულა განათლებისა და მეცნიერების, „ოცნებისა“ და „მწვანე“ ქალაქების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორის, მომხსენებელმა საგზაო ინფრასტუქტურისა და გაზიფიკაციის პროგრამები გამოყო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი გაზიფიცირებული სოფელი აჭარაში იქნება და პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მ მოწყობას ითვალისწინებს, ჯამში 15 200 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა, რაც 11 900 აბონენტის გაზიფიცირებას მოიცავს.
 მთავრობის თავმჯდომარემ ამომწურავად ისაუბრა მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, დასრულდა „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დოკუმენტზე მუშაობა, განხორციელდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი. ამჟამად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ „ბეშუმში“.
 თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში დღეისათვის არ არსებობს არცერთი შეჩერებული პროექტი, მათ შორის 10-15 წლის წინ დაწყებული, რის მაგალითადაც მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დაასახელა. ობიექტის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა, წლის ბოლოსთვის დასრულდება. სწორი საინვესტიციო და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შედეგად, რეგიონის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც უკეთესი მომავლის გარანტიაა. მნიშვნელოვანია სამრეწველო ზონის განვითარება, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარს ექნება მყარი განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმა, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ადამიანების ჩარევას ამ უნიკალურ საგანძურში.
 მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა აჭარის დაბებისა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაზე. პროექტით აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა. აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო.
 მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო ტურიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელშეწყობის ღონისძიებები.
 ძირითადი მოხსენების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი შეფასებები. უმაღლესი საბჭოს წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს საკანონმდებლო ორგანოს ბათუმში დაბრუნებისათვის, გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს. ის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის ორი წლის მანძილზე, მეორედ წარსდგა ანგარიშით უმაღლეს საბჭოში.
 წარმოდგენილი ანგარიში დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.