07 თებერვალი

7 თებერვალს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-4 სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის წინადადებით, დღის წესრიგს კიდევ ერთი საკითხი დაემატა, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს წევრების - ნინო ჩხეტიასა და გიორგი რომანაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მომხსენებელმა ბიუროს პაკეტის კომისიებში ჩაშვებისა და გამარტივებული წესით განხილვის წინადადებით მიმართა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიებში განიხილავენ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა გამოიტანა. მან ბიუროს კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვის წინადადებით მიმართა. საკანონმდებლო ინიციატივის კომისიებში განხილვის პროცედურების დაწყებას ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კიდევე ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხდომაზე განიხილეს, მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა. პაკეტი მოიცავს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტების პროექტებს, კერძოდ: ა) დადგენილების პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ბ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 დეკემბრის N99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, პროექტის მიზანი უმაღლესი საბჭოს ორი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ადმინისტრაციისა და პრესსამსახურის გაერთიანებაა ერთი, მთლიანი სტრუქტურული ერთეულის - „საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის სახით.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილება. კომისიებში განიხილება ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. პროექტი სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

სხდომის ბოლო საკითხი, რომელიც რიფაედინ შაჰინის სახელობის სკოლას, უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის საკრებულოს წევრების დაკავებას შეეხებოდა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა წარმოადგინა. მან კოლეგებისაგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. დეპუტატის გამოსვლა კამათსა და ხმაურში გადაიზარდა. მის მიერ წარმოდგენილი ორივე ინფორმაცია ბიურომ ცნობად მიიღო.