02 ივნისი

 „დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და ამაში თქვენი წვლილიცაა - ურთულეს ბრძოლაში რისკის ფასად ჩაებით და საზოგადოება აფასებს ამ თავდადებას“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და  ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტების დააჯილდოებისას.

 მომავალ მედიკოსებს, რომლებიც პანდემიის დროს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საკარანტინო ზონებსა და კლინიკა „მედალფაში“ მოხალისეებად მონაწილეობდნენ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელები“ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ გადასცეს.

  ახალგაზრდებს მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ და აღნიშნა, რომ სტუდენტების აქტიური ჩართულობა ჩვენი რეგიონის „მწვანე ზონად“ გამოცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

 „თქვენ სამედიცინო კარიერა  დაიწყეთ ისეთი ურთულესი მოვლენის დროს, როგორიც პანდემიაა. თაობები მიდიან ისე, რომ მათ არ ჰქონიათ შეხება მსგავს გამოწვევასთან. საქართველომ მსოფლიოს უჩვენა მასტერკლასი უცნობ ვირუსთან ბრძოლაში და შედეგიც სახეზეა - დაავადებულთა და გარდაცვლილთა აბსოლუტურად მინიმალური რაოდენობა. ყველა თქვენგანი გმირია“, - აღნიშნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

  კანონმდებლებმა, პანდემიასთან მებრძოლ მოხალისეებს, სიგელებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია გადასცეს და უმაღლესი საბჭოს შენობა დაათვალიერებინეს.

  ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა.