07 თებერვალი

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის „თანას“ ხელმძღვანელმა ნანა საყვარელიძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებისათვის, 7 თებერვალს ცენტრის მადლობის სიგელებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკანონმდებლო ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე დააჯილდოვა.

უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე „თანას“ ხელმძღვანელმა კანონმდებელთა თანადგომასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა. ნანა საყვარელიძის განცხადებით, აჭარაში სილეზიის მარშალის ვიზიტის ფარგლებში „თანას“ მონახულება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება სასიკეთოდ აისახება ცენტრის ბენეფიციარებზე. მისი თქმით, აჭარაში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრის ჩართვა ევროკავშირისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებში (რაც ჩვენი ქვეყნის ორ ქალაქში უკვე მიმდინარეობს), მათ არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის გაუმჯობესების, არამედ თავად სპეციალისტ-რეაბილიტოლოგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადების და, შესაბამისად, ცენტრის ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა, რომლის შესახებაც ნანა საყვარელიძემ შეხვედრაზე ისაუბრა, ქობულეთში ერთდროულად ადაპტირებული სასტუმრო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებაა. მისი განცხადებით, ამ ტიპის დაწესებულებები მსოფლიოში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებენ და ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვის აუცილებლობაზე თითქმის ყველა საერთაშორისო შეხვედრასა თუ ფორუმებზე ამახვილებენ ყურადღებას. დავით გაბაიძემ და ნუგზარ სურმანიძემ სტუმარს გულითადი მადლობა გადაუხადეს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ისინი სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს, თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, თანადგომასა და მხარდაჭერას დაჰპირდნენ.