27 მაისი

 -ეს იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ისე საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის: პანდემიამ გადაგვიყვანა საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ხელისუფლებამ თავიდანვე განახორციელა აბსოლუტურად სწორი ღონისძიებები და შედეგიც სახეზეა - დაავადებისა და სიკვდილიანობის ძალზე დაბალი მაჩვენებლები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გაწეული საქმიანობისთვის, ახლა მთავარია კონტროლი, რათა შევინარჩუნოთ მიღწეული, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ერთდროულად ორ მინისტრს მოუსმინეს.

  2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გააცნო. მისი განცხადებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი შემოსულობების ნაწილში -112, ხოლო ხარჯვითში - 76,4 %-ით შესრულდა. მომხსენებელმა საბიუჯეტო მაჩვენებლების პარალელურად, ისაუბრა პანდემიის დროს განხორციელებულ საშეღავათო ღონისძიებებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 პირველი კვარტლის შედეგებზე  ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. უწყებამ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტი 82,2 %-ით შეასრულა. მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო  შეზღუდვები გავრცელდა მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე, რაც  შესრულების მაჩვენებელზეც აისახა, ხოლო დანარჩენი ყველა პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდებოდა. ზაალ მიქელაძემ ისაუბრა საგანგებო ვითარების დროს გატარებულ, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა-ფუნქციონირების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

  კომიტეტის წევრებმა ორივე ინფორმაცია ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს საკითხების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.