03 თებერვალი

3 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები გახლდათ, რომელზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და რომლის წევრებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე არიან. ისინი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა ჯგუფში მუშაობენ და პირველივე სხდომაზე სხვადასხვა დროს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. დავით გაბაიძის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე, კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრებები თემატურ ჯგუფს პროექტის სახით წარედგინება, თუმცა მის მომზადებამდე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არასამთავრობოებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აუცილებლობად მიიჩნევს.

-მზად ვარ, მოვისმინო თქვენი მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პირობას გაძლევთ, წარმოდგენილ წინადადებებს, რეკომენდაციებს რომლებიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოთავსდება, გავახმოვანებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შეხვედრის დასაწყისშივე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსი, სახელმწიფო ორგანოების ფორმირება და კომპეტენციები, უფლებამოსილებები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რეგიონის ფისკალური დამოუკიდებლობა, გენდერული და სხვა საკითხები, იმ თემების მხოლოდ ნაწილია, რომლებზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან შეხვედრისას ისაუბრეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია სახელმწიფო კომისიის წევრია) აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამუშაო ფორმატის განსაზღვრის წინადადებით მიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის შექმნასა და შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე არაერთი საინტერესო შეკითხვა დაისვა როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, ისე კანონის პროექტის მომზადების ვადებსა და შემდგომ პროცედურებზე. დავით გაბაიძის განცხადებით, სახელმწიფო კომისიას ვადა აპრილის ბოლომდე აქვს განსაზღვრული, კანონის პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და საკანონმდებლო ორგანოში მის დამტკიცებამდე ის საყოველთაო განხილვის საგანი გახდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოხატეს შეხვედრის გამო და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყებისათვის.