21 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს.

 როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პანდემიიდან გამომდინარე, უწყება არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ახლებურად განისაზღვრა პრიორიტეტები და შესწორდა უწყების ბიუჯეტიც. მაია ხაჯიშვილმა კანონმდებლებს განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, ასევე დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და გამოსვლის დასრულების შემდგომ, უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ მედიკოსებთან ერთად, პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ პედაგოგები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც რთულ ვითარებაში შეძლეს შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობები.

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

 კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებითაც, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილში  -  95,3 % -ით შესრულდა. საბიუჯეტო მუხლების შესრულების პარამეტრების დეტალური წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.

 მინისტრის შემდგომ, საკითხთან დაკავშირებით,  თანამოხსენებები წარმოადგინეს უმაღლესი  საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ.

 ორი მინისტრის მოსმენის შემდეგ,  კანონმდებლებს  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი, გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით),  მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარუდგინა. ტექნიკური ხასიათის ცვლილება კანონის ამოქმედების ვადას ეხება და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებითაა განპირობებული.

 კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე 12 ხმით დაუჭირეს მხარი.