02 თებერვალი

-მისასალმებელი, აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატი,- ასე შეფასდა 2 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან გამართული შეხვედრა, რომელმაც ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობის ახალ ეტაპსა და ერთგვარ ტრადიციასაც ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძის განცხადებით, აქტიური კომუნიკაცია, წინასწარი კონსულტაციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შეჯერება თითოეული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის, ლობირებისა და მიღებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. მან საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს მსგავსი შეხვედრების პერიოდულად გამართვის წინადადებით მიმართა, რასაც კანონმდებლებიც დაეთანხმნენ, უფრო მეტიც, მომავალი შეხვედრა, უკვე კონკრეტული საკითხებით გაწერილი დღის წესრიგით, საშემოდგომო სესიის წინ დაიგეგმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე და აღნიშნა, რომ მზადაა მიიღოს, განიხილოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრებები თუ წინადადებები, რომლებიც როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. დავით გაბაიძე ამავე მიზნით, სავარაუდოდ, 3 თებერვალს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

კოორდინირებულ მუშაობასა და აქტიურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ინიციატივა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ.

-ჩვენ გვინდა გამოვძებნოთ კომუნიკაციის ეფექტური გზები და ღონისძიებები, რათა საქართველოს პარლამენტიდან, ზოგადად ქვეყნის ხელისუფლებიდან რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტური. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის აზრი რეგიონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხზე, რათა შევძლოთ შესაბამისი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, - აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ტყის კოდექსში, „წყლის კოდექსსა“ და „მთის კანონში“ განსახორციელებელი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს, აქვე ითქვა რეგიონის სხვადასხვა უწყებისათვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირების მნიშვნელობაზეც.

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა კომისიის მიერ დარეგისტრირებულ სამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შორის „ზოგადი განათლებისა“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებებია და რომლებიც გარკვეული უფლებამოსილებების შესაბამის ადგილობრივ უწყებებზე დელეგირებას ითვალისწინებს. კანონპროექტების განხილვის პროცედურები უმაღლეს საბჭოში უახლოეს დღეებში დაიწყება.

კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისა და მიღებისათვის, მით უფრო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტში 8 დეპუტატითაა წარმოდგენილი და მათთან კოორდინირებული მუშაობა აჭარის უმაღლესი საბჭოს კანონპროექტების ლობირებისათვის მყარ საფუძველს შექმნის.