06 მაისი

   „დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა და მხარდაჭერა. პანდემიასთან ბრძოლა არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ჩვენს ყოფა-ცხოვრებაშიც გრძელდება. შექმნილი ვითარების გამო ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთს დავეხმაროთ, როგორც შევძლებთ“, - აცხადებს  ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის“ დამფუძნებელი - ხვიჩა შარაშიძე.

 ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, შპს „ჩემი სახლის“ მიერ შეძენილი სასურსათო კალათებით, თავის სამაჟორიტარო ოლქში 500 ოჯახს დაეხმარება.

 ხვიჩა შარაშიძემ ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს - „ქედა და ქედელები“, 5 000 ლარი გადაურიცხა.  ამ თანხით შეძენილი სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები უმაღლესი საბჭოს წევრმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან გორგილაძესთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფის წევრებთან და „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 71 ოჯახს გადასცა, რომელთაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
 აქცია გრძელდება და ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ შეძენილ სასურსათო კალათებს  შუახევისა და ხულოს მოსახლეობაც მიიღებს.