31 იანვარი

მორიგი შეხვედრები ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მანველიძემ 31 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში გამართეს.

ხულოს გამგეობაში მოქმედ საგანგებო შტაბში გამართულ შეხვედრას ესწრებოდენენ: საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი, მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბისა და ადგილობრივი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა ბესიკ ბაუჩაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა დასრულებულ, მიმდინარე და უახლოეს დღეებში განსახორციელებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე. შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოები დასრულებულია ხულო-ღორჯომის, ხულო-ხიხაძირის, ხულო-უჩხოს მიმართულებით. გზების გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება ხულო-დანისპარაულის, ბეღლეთისა და ქედლების მიმართულებით.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ბეღლეთის მოსახლეობა მოინახულეს, დაათვალიერეს იქ მიმდინარე სამუშაოები და ადგილზევე გაეცნენ ვითარებას. უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები.

-საგანგებო შტაბისა და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები გვპირდებიან, რომ 1 თებერვლიდან მცირე დასახლებებში დარჩენილი გზების გაწმენდასაც დაიწყებენ. მზად ვართ, ინტენსიური შეხვედრები გავმართოთ მოსახლეობასთან და ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვიზრუნოთ მათი პრობლემების მოგვარებაზე,- განაცხადა ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძემ.