31 იანვარი

-ეს განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხვიჩა შარაშიძემ და გიორგი მანველიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას და ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ გააკეთეს. ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მანველიძემ 31 იანვარს დეტალური ინფორმაცია უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელისაგან ტარიელ ებრალიძისაგან მოისმინეს.

- ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას. მობილიზებულია ყველა სამსახური და სათანადო ტექნიკა, რათა დროულად გაიწმინდოს გზები და არ შეიქმნას გადაადგილების პრობლემა, - განაცხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაბის რამდენიმე დასახლების მონახულების შემდეგ, სადაც ისინი საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტემენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან, მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბისა და ადგილობრივი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდნენ.

უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, შუახევში შიდა სასოფლო გზების მოცულობა 500 კილომეტრია, მთლიანად გაწმენდილია შუახევი-შუბნის, ხიჭაური -ხაბელაშვილების მიმართულებით არსებული გზები, იწმინდება ბარათაული-ჭვანის საავტომობილო გზა, შესაბამისი სამუშაოები დასრულებულია გოდერძის მიმართულებით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს უჩამბის თემის შორეული სოფლების მიმართულებით არსებული გზების უხვი ნალექისაგან გასათავისუფლებლად. ხვალიდან გაიწმინდება მცირე უბნებზე დარჩენილი შიდა სასოფლო გზებიც.

როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აცხადებენ, ამინდის ჭირვეულობის მიუხედავად, სამუშაოები გაგრძელდება და ყველა ღონისძიება გატარდება მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

დეპუტატებმა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისგანაც მოისმინეს. შუახევის ცენტრსა და სოფელ ნენიაში გამართულ შეხვედრებზე კანონმდებლებს მოქალაქეებმა ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.