29 აპრილი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში  შესატანი ცვლილებები ამჯერად საკითხზე წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  განიხილეს.

 კომიტეტის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით დაიგეგმა. კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა, პროექტის თანახმად, 23 370,3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მომხსენებლის განმარტებით, პრიორიტეტი ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსება, საკარანტინე ზონების, სამედიცინო დაწესებულებების სათანადო საჭიროებებით უზრუნველყოფა, პანდემიისაგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაა.

 კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, ხმათა უმრავლესობით კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 დღის წესრიგის მეორე საკითხი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

 მომხსენებლის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი, რომელიც რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაიწერება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.