26 იანვარი

26 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შპს „ქალაქ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ საქმიანობისა და არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სხვადასხვა უწყების, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხსენებით შპს „ქალაქ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან გორგილაძე წარსდგა. მან შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ანალიტიკური ინფორმაცია მიაწოდა ცენტრში არსებულ ვითარებაზე, იქ მიმდინარე პროცესებზე, ოპერატიულად გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლევან გორგილაძის განცხადებით, მიმდინარეობს და სულ მალე დამთავრდება ცენტრის „ა“ კორპუსის რეაბილიტაცია, კორპუსი აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურა, მისი მართვის პრინციპები, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ასევე ვრცლად იყო წარმოდგენილი ცენტრის ხელმძღვანელის მოხსენებაში. ფტიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის სხვა ტერიტორიაზე ფუნქციონირება, ავარიული შენობა, მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცენტრის „ბ“კორპუსის შეუსაბამობა თანამედროვე მოთხოვნებთან, ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა და ამის ნიადაგზე არსებული კადრების დატვირთულობა, სტრატეგიული გეგმის არარსებობა, ლევან გორგილაძის შეფასებით, ცენტრის სუსტი მხარეებია. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მისი თქმით, მართებული იქნება თუ გამოთავისუფლებულ „ბ“ კორპუსში ახალი პროგრამები დაიგეგმება, დაინერგება სარეზიდენტურო პროგრამები, რისი რესურსიც ცენტრს გააჩნია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა დონორთა გაზრდილ ინტერესებსა და მოსალოდნელ რისკებზეც, ასევე პროგრამებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურების ამოქმედების აუცილებლობაზე.

ცენტრის ხელმძღვანელისავე განცხადებით, „ა“ კორპუსის“ სრული რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება, ამასთან, მისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA). საუბარია 700 ათასი ლარის სამედიცინო აღჭურვილობაზე და საკითხი, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება უახლოეს დღეებში. სხვათაშორის, სააგენტო აქტიურადაა ჩართული რეაბილიტაციის პროცესშიც.

ვრცელი მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფტიზიო-პულმონოლოგიურ დეპარტამენტზე. მისმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ცეცხლაძემ იქ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ამ ეტაპზე ტუბდისპანსერის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი მასალა დადებითად შეაფასა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი განცხადებით, ცენტრის განვითარების გეგმა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა გაწერილი და ეს უახლოეს ხანებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც დადებითად აისახება.

შეხვედრის მონაწილეებს ერთგვარი რეკომენდაციით მიმართა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ. მან ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

-ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და შევიმუშავოთ ოპტიმალური ვარიანტები, რათა ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ დროული და რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები, მით უფრო, რომ მსგავსი ცენტრი არ არსებობს ახლომდებარე რეგიონებში და მხოლოდ აჭარაშია, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

როგორც შეხვედრის დასარულს აღინიშნა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამედიცინო უწყებების წარმომადგენლები მსგავსი ტიპის შეხვედრებს პერიოდულად გამართავენ.