26 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 26 იანვრის რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინეს. პროექტი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება- მაჟორიტარების“ ინიციტივაა, მაჟორიტართა ბიუროების ორგანიზაციულ საკითხებსა და დაფინანსებას განსაზღვრავს.

ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ მოიწონეს - მათ პროექტს კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს. დადგენილების პროექტი 11 ხმით 3-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

ცვლილებებია აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიების შემადგენლობაში. ორივე კომისიაში „პატრიოტთა ალიანსიდან“ დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლე ზაზა ოქუაშვილი იმუშავებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 14 დეპუტატიდან 13-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აღმოჩნდა.

სხდომას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.

რიგგარეშე სესია გაიხსნა და დაიხურა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.