24 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე  მორიგი საკანონმდებლო ინიციატივის წესით -  „ზოგადი განათლების შესახებ’’    საქართველოს კანონში  შესატანი ცვლილებები  (მესამე მოსმენა) წარადგინა.

 კანონის პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება იზრდება. კერძოდ: ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს  საშუალება ეძლევათ შეისწავლონ გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება, ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;  დაითხოვონ სამეურვეო საბჭო  ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.  აღნიშნული ინიციატივა საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ლადო მგალობლიშვილის ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო  ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, ავტონომიურ რესპუბლიკებში  შესაბამისი სამინისტროების მიერ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა.