23 იანვარი

23 იანვარს, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა და მაღალი კვორუმისა და შესაბამისად, ჯგუფის აქტივობის გამო კმაყოფილება გამოხატა. სხდომა სამ ეტაპად წარიმართა, მისმა მონაწილეებმა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის არსებული ტექსტები დეტალურად განიხილეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ჯგუფის მეორე სხდომისათვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად განიხილება. რაც შეეხება ბოლო, მესამე სხდომას, მასზე კონსტიტუციური თავების კიდევ ერთხელ გადამუშავებული, რედაქტირებული ვარიანტის მომზადება და საბოლოოდ შეჯერება იქნება შესაძლებელი.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო. სამუშაო ჯგუფმა ამავე სხდომაზე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი. -ჩვენ წარმოვადგინეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული შენიშვნები, რომლებიც გვქონდა გასულ წლებში და რომლებიც სხვადასხვა დროს ხარვეზის სახით გამოვლინდა. მხედველობაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა-გადადგომასთან, უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევასთან დაკავშირებული საკითხები, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.