ბიუროს სხდომა

24 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის წევრებს მოუსმენენ. მინისტრის საათის განრიგისა და პროცედურების შესახებ კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, მინისტრის საათის შემოღება, საკანონმდებლო ორგანოსთვის, როგორც აღამსრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელის ფუნქციის ზრდის კიდევ ერთი ბერკეტია, რაც აჭარის ახალი კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტის მიღებითაა განპირობებული.

  ბიუროს წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. მინისტრების შემდეგ, უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარსდგება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რაც ასევე გაწერილია შესაბამის კანონმდებლობაში.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილება კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარის დავით ბაციკაძის 2020 წლის 10-15 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ პარიზში მივლინების ანგარიში და განსაზღვრეს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 3 მარტის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და მასზე ორი საკითხი განიხილება.