21 თებერვალი

 ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მშენებლობის დაწყება დასახლების მცხოვრებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ მიულოცეს. მათი განცხადებით, 18 თვეში ახალმოსახლეობას 582 ოჯახი იზეიმებს, აქვე ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა,  მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა «ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ჩაუშვეს. საცხოვრებელ კორპუსებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ააშენებს.

 საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე, ცოტნე ანანიძე, ლადო მგალობლიშვილი, ხვიჩა შარაშიძე, დავით თედორაძე, მერაბ ბლადაძე, აჭარის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.