06 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ რიგგარეშე სესიაზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ - მალხაზ ბოლქვაძისა და ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურებს უყარა კენჭი.

 კანონმდებლებმა, ფარული კენჭისყრით,  უსკო-ს წევრად (5 წლით) 11 ხმით ტარიელ გოგიტიძე აირჩიეს, მალხაზ ბოლქვაძის მომხრე კი მხოლოდ 2 დეპუტატი აღმოჩნდა.

 როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ აღნიშნა, ტარიელ გოგიტიძე 2020 წლის 4 მარტიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას და უსკო-ში ქალბატონ გუგული დუაძეს ჩაანაცვლებს.

 რიგგარეშე სესიამდე  ორივე კანდიდატს წამყვან - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. აღნიშნულმა კომიტეტმა მათი სამოქმედო გეგმების განხილვის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაცია ტარიელ გოგიტიძეს გაუწია.

 რიგგარეშე სესიის მუშაობაში, ბოიკოტის ნიშნად, მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ისინი, მოძრაობა „გაბედესა“  და „ალტერნატივას“ აქტივისტებთან ერთად, საკრებულოს შესასვლელში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ.