პარლამენტში ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილეს

04 თებერვალი

 საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილა. ინიციატივა სხდომაზე მისმა ავტორმა - უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა და იგი „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
 კანონის პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება იზრდება. კერძოდ: ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება, ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნული ინიციატივა საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების მიერ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა.

განცხადებები

დღის წესრიგი