დასკვნა ბიუროს წარედგინება

18 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 18 იანვრის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ წარმოადგინა. ფრაქციის ეს ინიციატივა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებსა და დაფინანსებას შეეხება.

დადგენილების პროექტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს სესიაზე განიხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოს ორი კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში უახლოეს მომავალში ცვლილებებია მოსალოდნელი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზაზა ოქუაშვილი შეემატება. როგორც მომხსენებელმა - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლე წევრმა აღნიშნულ კომისიებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს განცხადებით მომართა.

კანონმდებლებმა იმსჯელეს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომისიის დასკვნა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.