18 იანვარი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 16 იანვარს, ა.შ.შ-ში რელიგიის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღია დისკუსიაში - „რელიგიის თავისუფლება“ მონაწილეობდა ამერიკული კუთხის მიწვევით. შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოში რელიგიური თავისუფლების მნიშვნელობას, იმსჯელეს რელიგიურ ნიადაგზე გამოწვეული დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესაძლო გზებზეც.

„ძირითადად პრობლემებია სხვადასხვა კონფესიის მრევლს შორის ურთიერთობებში, ჩვენ ამ ტიპის პრობლემებს ვაწყდებით პრაქტიკაში რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების ნაწილში, თუმცა სახელმწიფოს პოზიცია არის მყარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ხელისუფლება და თემის ლიდერები, ყველანი ერთად, საზოგადოების წინაშე გამოვიდეთ ერთსულოვანი პოზიციით ადამიანის უფლებების დაცვისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის თაობაზე, დავგმოთ ძალადობა, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია. ვფიქრობ ყველა მხარის აქტიური ჩართულობა, გაცნობიერებული პასუხისმგებლობით, დაგვეხმარება შევქმნათ და ვიცხოვროთ რელიგიურად თავისუფალ, სეკულარულ და პლურალისტულ - დემოკრატიულ სახელმწიფოში“ , - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: იეზიტთა თემის, მუსლიმთა კავშირის წევრები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.