ბიუროს სხდომა

08 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები, სასესიო დარბაზის მზადყოფნამდე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის (მისამართი: დაბა ჩაქვი, ვ. მეგენეიშვილის ქ. N 25) სხდომათა დარბაზებში გაიმართება. გადაწყვეტილება, სხდომის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელის - იურიდიული მისამართის გარეთ გამართვის შესახებ, კანონმდებლებმა ბიუროს პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული მისამართის ცვლილებითაა განპირობებული - აჭარის უმაღლესი საბჭო ამიერიდან ბათუმში, ლუკა ასათიანის N 37-ში ფუნქციონირებს და ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები სასესიო დარბაზის მოსაწყობად.

ბიუროს გადაწყვეტილებით, 8 იანვრის რიგგარეშე სესია, 12 საათზე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.

 ბიუროს, ბოიკოტის მიუხედავად, დაესწრო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, რომელმაც სხდომაზე დასწრება ფრაქციის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის საკითხის განხილვა დაასახელა და კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების უახლოეს ბიუროს სხდომაზე განხილვისკენ მოუწოდა.