27 დეკემბერი

 „თქვენ ხართ საზოგადოების ის ნაწილი, რომელთა წარმატება ყველაზე მეტად ჩანს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2019 ამ მხრივ ძალზე წარმატებული წელი იყო, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით. იმედი მაქვს, მომავალ - 2020 წელს კიდევ უფრო მეტი გამარჯვებებით გაგვახარებთ, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „ინტურისტში“ წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  ჯილდოები „წლის სპორტული ჟურნალისტის“ ნომინაციაში გამარჯვებულებს - გაზეთ „აჭარისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კორესპონდენტებს, მანანა ძიძიშვილს, გიორგი მურვანიძესა და ქეთევან ბოლქვაძეს გადასცა.

აჭარის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები- მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები - მაია ხაჯიშვილი, ზაალ მიქელაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ტრადიციულად წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციები და მედიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.