25 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდოში, ქალაქ ვროცლავში იმყოფებოდა.

  ვიზიტი, რომელიც ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით პოლონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

  საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარემ ანდჟეი იაროშმა და სეიმიკის კანცელარიის ხელმძღვანელმა, საქართველოს საპატიო კონსულმა ვოიჩეკ ვრუბელმა და სავოევოდოს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ ვოიტეკმა უმასპინძლეს.

  უმაღლესი საბჭოს  თანამშრომლები სეიმიკისა და მთავრობის სტრუქტურას, მუშაობის ძირითად პრინციპებს, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.

  შეხვედრა გაიმართა ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ადმინისტრაციაში. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბათუმის საპატიო მოქალაქემ - კაროლ ფშივარამ სტუმრებს მარშალის ადმინისტრაციის მუშაობაზე, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრას ესწრებოდა პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრა მიროვსკა.