12 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომაზე,  კანონმდებლებმა ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, ერთხმად - 15 ხმით მიიღეს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 კანონის პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 350 მილიონ ლარს აღემატება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში  შემოსავლების ნაწილი  301 მილიონი ლარია, რაც, უპრეცედენტო შემთხვევაა, ისევე როგორც საგადასახადო ნაწილის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 290 მილიონი ლარია და 11%-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი, ეკონომიკისა და სხვადასხვა მიმართულების ზრდა-განვითარების გარანტიაა და ჩვენი რეგიონის მცხოვრებლების კეთილდღეობის ამაღლებაზეა ორიენტირებული. კანონის პროექტის მუხლობრივი წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

 კანონის პროექტთან დაკავშირებით, თანამოხსენებები წარმოადგინეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და აჭარაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ კირტავამ.

 „ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ გადაიჭრება ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლების პრობლემები, ეს ნიშნავს, რომ იქ მცხოვრებ 1000-ზე მეტ ბავშვს ექნება ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების პირობები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, მხედველობაში მაქვს 12 ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, ასევე 23 სკოლის რეაბილიტაცია. 2012 წლიდან მოყოლებული ამ თვალსაზრისით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შთამბეჭდავია და ეს საკმაოდ რუტინული შრომის შედეგია“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონის პროექტის შეფასებისას.

 ბიუჯეტის კანონის პროექტის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი საკითხი - მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

 სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილება საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული მისამართის შეცვლითაა განპირობებული. კანონმდებლებმა რეგლამენტის პროექტი ერთხმად  მიიღეს.

 კანონმდებლებმა ასევე ერთხმად, მეორე მოსმენით მიიღეს დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონის პროექტი. აღნიშნული საკითხების განხილვისას, სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა.

  დღის წესრიგის შემდეგი საკითხი, დადგენილების პროექტი -„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ , რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, 13 ხმით დამტკიცდა.

 კანონმდებლებმა ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების ანგარიშები 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლებიც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ნუგზარ სურმანიძემ და ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინეს.

  რიგგარეშე პლენარულ სხდომას აჭარის მთავრობის წევრები და  აჭარაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ. სხდომაზე, ბოიკოტის ნიშნად, არ იმყოფებოდნენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.