09 დეკემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-20 სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, პირველ საკითხად „აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ (II  მოსმენა) კანონის პროექტი განიხილეს. თუმცა მანამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ასმათ დიასამიძემ. მან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებასთან და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.

  კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის  შესახებ“, რომელიც საკონსტიტუციო,  იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა კომიტეტის   თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

  უახლოეს სხდომაზე ასევე განიხილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

 ბიურომ ცნობად მიიღო გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილი აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომლის საკომიტეტო განხილვების პროცედურები დასრულდა.

 საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული მისამართის შეცვლის გამო ცვლილება  შედის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტშიც - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» რეგლამენტის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

 ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ» დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.