13 იანვარი

13 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ჰოსეინ მაშჰადი სტუმრობდა.

საპატიო სტუმარმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დღესასწაულები და რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. მან ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საკონსულო ტრადიციად დამკვიდრებული მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობების გასაგრძელებლად კვლავაც მზადაა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-ირანის მრავალმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარების პერსპექტივებზე გამახვილდა .

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი ბოლო წლებში ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ წინსვლა აშკარაა.

დავით გაბაიძემ ჰოსეინ მაშჰადს გულითადი მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის.